ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა- შედეგები, გამოწვევები, მომავალი

12801126_564239587085015_1756950124392585320_n.jpg

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ ათვლა 2016 წლიდან დაიწყო რაც ოთხი წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის 211 მილიონი ლარით დაფინანსებას გულისხმობს.
ასევე გადაწყდა, რომ დამატებით გამოიყოფა დაახლოებით 100 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის.
სწორედ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე და ზოგადად ქართულ ფეხბურთში არსებულ გამოწვევებსა და შედეგებზე ვისაუბრეთ Sport24-ის თანადამფუძნებელთან სპორტულ ჟურნალისტ გიორგი ჯავახაძესთან.


პირველ რიგში ჩვენი ინტერვიუ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე საუბრით დავიწყოთ. უკვე მეორე სეზონია, რაც ამ პროგრამით ქართული ფეხბურთი 37 მილიონი ლარით ფინანსდება.
სანამ უშუალოდ დეტალებს განვიხილავდეთ ზოგადად შევაფასოთ. რა შეიცვალა მას შემდეგ რაც კლუბები სახელმწიფოსგან ფინანსდებიან.

– პირველ ყოვლისა, შეიცვალა ის, რომ ქართულ ფეხბურთში იხარჯება მინიმუმ ორჯერ ნაკლები თანხა, ვიდრე იხარჯებოდა პროგრამის ამოქმედებამდე. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტს პოზიტიურ კონტექსტში ვახსენებ, მაგრამ ასეა – სჯობს ნაკლები დაიხარჯოს და უფრო ეფექტურად. თუკი ოდესმე დადგება დრო, როდესაც გამოვიძიებთ როგორ იხარჯებოდა კლუბებისთვის მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილი თანხები, შემდეგ დავუბრუნდეთ ამ თემას. ახლა შორს წაგვიყვანს დაფინანსების ძველ სისტემაზე საუბარი.
კიდევ შეიცვალა ის, რომ შუა სეზონში აღარ იშლებიან გუნდები, „რიკოთზე“ სასადილოების ვალებიც აღარ აქვთ, მატჩზე ჩასასვლელი ბენზინის ფულზე აღარ წუწუნებენ, ერთი გუნდის ფეხბურთელებს სხვადასხვა მაისურები აღარ აცვიათ და ა.შ. მოკლედ, ასეთი ელემენტარული პრობლემები მოგვარდა. თუკი ორჯერ ნაკლები დაფინანსებით მოგვარდა ასეთი საკითხები, ალბათ, ფულის ხარჯვასაც უკეთ აკონტროლებენ, თორემ მეეჭვება ჩვენი კლუბების მენეჯმენტი გაუმჯობესებულიყოს.
ამით უნდა ვიყოთ თუ არა ბედნიერები? რა თქმა უნდა, არა. ამ პროგრამისგან გაცილებით მეტის „გამოწურვა“ შეგვიძლია და ეს უნდა იყოს მიზანი. ამაზე, ალბათ, შემდეგ შეკთხვებში ვისაუბრებთ უფრო ვრცლად.

გასული სეზონის ბოლოს გამოქვეყნდა კლუბების ხარჯთაღრიცხვა და სტატისტიკურად ისინი ყველაზე მეტს ამ დაფინანსებიდან ხარჯავენ ფეხხბურთელების და მთლიანად გუნდის ხელფასებსა და პრემიებში.
რაც ერთის მხრივს ხელს უწყობს გუნდის სტაბილურობას, ისინი შუა სეზონის მსვლელობისას არ იშლებიან, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებენ განვითარებას და ახალ ეტაპზე გადასვლას. ამიტომ მიგაჩნია თუ არა სწორად რომ თუნდაც საბაზისო თანხის შემცირება მოხდეს და ეს აკომულირებული თანხა დაემატოს გუნდების საფეხბურთო განათლებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას?

– ამ სეზონში, საბაზისო დაფინანსება არის 900.000 ლარი. ეს არის მიზერული თანხა, „საარსებო მინიმუმი“, მაგრამ საკმარისი იმისათვის, რომ მეტი „იშოვო“.
პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს თანხა ხელფასებსა და პრემიებში იხარჯება. პრობლემაა ვის ხელფასებსა და პრემიებში იხარჯება. გუნდები არ ცდილობენ გაზარდონ შემოსავლები, რისთვისაც, პირველ რიგში, საჭიროა, იპოვონ პერსპექტიული ფეხბურთელები და იმუშაონ მათ სარფიანად გასხვისებაზე. შემდეგ, მიღებული შემოსავლის რეინვესტირებაზე, კიდევ უფრო მეტი შემოსავლის მისაღებად. ეროვნულ ლიგაში, ამჟამად, დაახლოებით 250 ფეხბურთელია. ყველაზე ოპტიმისტურ გათვლაში, ამ 250 ფეხბურთელიდან მაქსიმუმ 50 არის სატრანსფეროდ საინტერესო. ამ 50-დან კი, მაქსიმუმ 10 არის ისეთი, რომელშიც რომელიმე უცხოურმა კლუბმა შესაძლოა გადაიხადოს 100.000 ევრო ან მეტი. შესაბამისად, თითქმის არც ერთ კლუბს თეორიული შანსიც კი არ აქვს, რომ შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდოს და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. ამ მიდგომით, რა თქმა უნდა.
თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ნაწილად დავშლით ამ 900.000 ლარს. კლუბების განვითარება შეუძლიათ მხოლოდ ძლიერ, ქარიზმატულ, ფეხბურთში კარგად ჩახედულ მენეჯერებს.
სხვადასხვა წლებში, სოლიდური ბიუჯეტის მქონე ქართული გუნდებიც გვახსოვს და ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ჩვენს კლუბებს მეტ-ნაკლებად ერთი დონის შემადგენლობა ჰყავთ მიუხედავად იმისა 10 მილიონი აქვთ ბიუჯეტი, 5 თუ 1.
მოკლედ, როგორც არ უნდა „გადავატრიალოთ“ ეს პროგრამა, რამდენ ნაწილადაც არ უნდა დავშალოთ ეს საბაზისო დაფინანსება და თუნდაც გავაათმაგოთ, არსებული მენეჯმენტის პირობებში, მნიშვნელოვანი გარდატეხის იმედი არ უნდა გვქონდეს. ეს არ ეხებათ დილას, ტორპედოსა და ბათუმის დინამოს ახალ მეპატრონეებს. ჯერ არ ვიცით მათი ხედვა და დასკვნების გასაკეთებლად, გარკვეული დროა საჭირო. საინტერესო ხედვა ჰქონდა სამტრედიას, მაგრამ ვერ რეალობად ვერ აქციეს და ახლა ისე ჩანს, რომ კვლავ ძველ გზას დაადგნენ. საბურთალო პირველად გადის ევროპაზე და „ვაცადოთ“. დანარჩენ კლუბებს რაც შეეხებათ, ამჟამინდელი პოლიტიკით, მათი თეორიული მაქსიმუმი შეიძლება იყოს ის, რასაც აკეთებს ჩიხურა ევროტურნირებზე 3-4 წელიწადში ერთხელ.

. ევრო ტურნირებზე ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ შედეგებს ვაჩვენებთ. პრობლემის გადასაჭრელად ერთ-ერთი საშუალება ფორმატის ცვლილება იყო. რომლის მიხედვიდ ევროპულ ტურნირებზე გასული კლუბები კარგ სათამაშო კონდიციებში შეხვდებოდნენ ტურნირს. მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება რომ, რამოდენიმე კლუბმა ამ ახალ ფორმატს მხარი ვერ აუბა და ისევ ძველი გამოცდილებით აკომპლექტებენ გუნდს . მოდი პირდაპირ გკითხავ როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა. და კიდევ ერთი, მეტი მოტივაციისთვის კლუბების დაფინანსება უნდა მოხდეს თუ არა ევროტურნირებზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით?
– გაზაფხული-შემოდგომის სისტემა გაძლევს საშუალებას 6 თვით ადრე დაიწყო მზადება ევროტურნირებისათვის. ახალი ფეხბურთელები გამოსცადო ჩემპიონატში და სელექციაში დაშვებული შეცდომები გამოასწორო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. თუკი ამ სისტემას ვერ უბავ მხარს, ესე იგი, უვარგისი მენეჯერი ხარ და სჯობს ისეთი საქმე იპოვო, რაც კარგად გამოგდის.
მოტივაციას რაც შეეხება – ევროტურნირებზე კარგი თამაშით, გუნდს შეუძლია გამოიმუშაოს იმაზე მეტი, ვიდრე ყველა ქართული კლუბის ბიუჯეტია ერთად აღებული. ეს თუ არ ყოფნის გუნდს მოტივაციისათვის, მით უმეტეს, ფონდის ფინანსური შესაძლებლობები არ ეყოფა მათი მოტივაციის გაღვივებას. გარდა ამისა, აქ მოტივაციის ნაკლებობასთან არ გვაქვს საქმე. ინტელექტუალური რესურსი ნაკლებობა განაპირობებს ამ შედეგს, თორემ ჯგუფში თამაშისა და ათეულობით მილიონი ლარის გამომუშავების სურვილი, დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს. სურვილი ერთია, შესაძლებლობა მეორე.

თუკი დაფინანსების დადგენილებას ვნახავთ იქ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩემპიონატის გაშუქება და სათანადო საინფორმაციო მხარდაჭერაა. ამ მიმართულებით არის სიახლეებიც, შეიქმნა ელიგის ვებ-გვერდი, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სტატისტიკური ინფრომაციის მიღება ასევე არის ელიგის ფენტეზი და რაც მთავარია ლაივ სტრიმების საშუალებით ყველა მატჩის ნახვაა შესაძლებელი. რაც შეეხება კლუბების აქტივობას ამ სფეროში, რამოდინიმეს გარდა საკმაოდ ცუდი სიტუაციაა. უმეტესობა მათგანს არ აქვს ოფიციალური საიტი ან უკეთეს შემთხვევაში აქვთ, მაგრამ ინფორმაციულად არ არის დატვირთული. ასევე ისინი სათანადოდ არ იყენებენ სოციალურ ქსელებს. როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემა?

– კარგი მენეჯერი კარგ ტრანსფერებსაც გააკეთებს, საიტსაც და ფეისბუქ გვერდსაც. ჩვენ გვინდა ფეხბურთის ფედერაციამ აიძულოს ცუდი მენეჯერები გახდნენ კარგები. არაფერი გამოვა აქედან. თუ გვინდა სწრაფი პროგრესი და მნიშვნელოვანი გარდატეხა ქართულ საკლუბო ფეხბურთში, მიზანი უნდა იყოს კლუბების გათავისუფლება არსებული მენეჯმენტისგან. კანონიერი გზით, რა თქმა უნდა.

მიმდინარე ევროტურნირებზე ქართული კლუბების გამოსვლასაც შევეხოთ. როგორ შეაფასებ მათ შედეგებს და რას ელოდები დარჩენილი ორი გუნდისგან?
– წლევანდელ ევროტურნირებზე გამოვდივართ იმაზე უკეთ, ვიდრე ეს დავიმსახურეთ. 4-დან 2 გუნდი მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე დაკომპლექტდა, ხოლო 2-ს არაფერი გაუკეთებია შემადგენლობის გასაძლიერებლად. ვინაიდან არაფერი გაგვიკეთებია იმისათვის, რომ კარგი შედეგი მიგვეღო, ყოველი მოგება ან ფრე შეგვიძლია მივიღოთ როგორც საჩუქარი.
ძალიან კარგია, რომ ტორპედოს გაუმართლა წილისყრაში. იმედია, გამოიყენებს ამ შანსს და მოხვდება ფლეი-ოფში. აუცილებელია, რომ ჩინელი ინვესტორისთვის ტორპედო საინტერესო ბიზნეს პროექტი იყოს და არა სოციალური პასუხისმგებლობა იმ ქალაქის წინაშე, სადაც ბიზნესის კეთებას აპირებს. ტორპედოს, როგორც ბიზნეს პროექტს, დიდი მომავალი აქვს. ტორპედო, როგორც სოციალური პასუხისმგებლობა, განწირულია წარუმატებლობისთვის. ფლეი-ოფში გასვლა და სოლიდური შემოსავალი უეფასგან, კარგი არგუმენტი იმისათვის, რომ ინვესტორი ბიზეს პროექტისაკენ გადაიხაროს.
რაც შეეხება ევროპაზე შემორჩენილ მეორე გუნდს, ჩიხურას – ამ გუნდს არ აქვს განვითარების გეგმა და არც არასოდეს ჰქონია. 10 წელზე მეტია მიყვება დინებას, თუმცა, მაგარი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც, პერიოდულად, გვახარებს ხოლმე ევროტურნირებზე 1-2 ეტაპის გადალახვით. მინდა წარმატება ვუსურვო ჩიხურას მარიბორთან. მარიბორის გაგდება უკვე მეტი იქნება, ვიდრე პერიოდული გამონათება და იქნებ ამის შემდეგ მაინც დაინტერესდეს ვინმე ჩიხურათი, თუნდაც „ქართუში“ და სერიოზულად მოკიდონ ხელი კლუბის განვითარებას.


გიორგი საკმაოდ კარგად იცნობ ქართულ კლუბებს. შენი შეფასებით თუ შეგიძლია დაასახელო გუნდი, ვინც დაფინანსება გამოიყენა სათანადოდ და შეძლო ახალ ეტაპზე გადასვლა.

– საბურთალო, დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აუმჯობესებს თავის შედეგებს. პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ახალ „ლეველზე“ გადავიდა და გამოცდილი ფეხბურთელების დამატებაც დაიწყო. ამ სეზონში, დარწმუნებული ვარ, ევროსაგზურსაც მოიპოვებენ. აქამდე სწორად მოვიდნენ. ამის შემდეგ, იწყება ყველაზე რთული ეტაპი, სადაც „გაიჭედა“ ყველა საინტერესო ქართული პროექტი – მაგალითად, ამერი, ზესტაფონი, ვისოლის პერიოდის ტორპედო, დინამო ფიფიას მმართველობის პირველ წლებში…ეს არის ეტაპი,როდესაც შიდა რესურსი იწურება და საქართველოს ფარგლებს მიღმა რესურსის ათვისებას ვერ ახერხებ. რატომ ვერ ახერხებ, ეს ცალკე თემაა.
საბურთალომ, ვაგნერის ტრანსფერით, გვაჩვენა, რომ შეუძლია საქართველოს გარეთაც იპოვოს ფეხბურთელი, რომელიც ფინანსურადაც ახეირებს და სპორტულადაც.
საბურთალოს ძლიერი სკოლა აქვს, საიდანაც კარგ შევსებას იღებს. ამას თუ დაემატება ძლიერი სკაუტინგ ქსელი საქართველოს ფარგლებს მიღმა, გუნდი აუცილებლად გადავა განვითარების ახალ ეტაპზე.
დილამ გამოიყენა პროგრამა კარგად იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნესი დააინტერესა მისი შეძენით. ახლა, ჯერი ებრაელ ბიზნესმენებზეა – იმედია, ჩამოაყალიბებენ ძლიერ კლუბს.
იგივე ითქმის ტორპედოსა და ჰუალინგზეც.
დღეის მდგომარეობით, ამ სამ გუნდს აქვს ყველაზე კარგი შანსი, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ. გამოიყენებენ თუ არა ამ შანსს, დრო გამოაჩენს.

დამეთანხმები ალბათ რომ ჩვენაირი განვითარებადი ჩემპიონატისთვის წარმატების მისაღწევად აუცილებელია გამოიყენეოს ლეგიონერების რესურსი. ამის კარგი მაგალითია ბოლო პერიოდში ლიეტუვის კლუბები, ასევე ყარაბახი და ასტანა, რომლებიც ძირითადად ლეგიონერების ხარჯზე აღწევენ წარმატებას. . თუმცა ჩვენთან რბილათ რომ თქვათ უცნაური დამოდიებულებაა ამ თემის მიმართ და კლუბები ვერ აერხებენ კვალიფიციური ლეგიონერების მოწვევას. რა შეგიძლია ამის შესახებ გვითხრა.
ბევრი მიზეზია:
1. მენტალიტეტი – კლუბის ხელძღვანელი და მწვრთნელი არ უნდა ფიქრობდნენ, რომ „მირჩევნია ეს ფული ისევ ქართველს მივცე, ვიდრე ვიღაც ზანგს“. მოკლედ, პირველ რიგში, ღირსეული ადამიანი უნდა იყო.
2. განათლება – თუკი პირველ პუნქტს აკმაყოფილებ და ადამიანებს არ ასხვავებ კანის ფერით ან/და მოქალაქეობით, გჭირდება უცხო ენების კარგი ცოდნა, რათა მოლაპარაკებები აწარმოო, კონტრაქტები გააფორმო , ფეხბურთელს ვარჯიშებზე დავალებები მისცე და ა.შ.
3. სკაუტინგის დეპარტამენტი – თუ პირველ ორ პუნქტთან არ გაქვს პრობლემა, შემდეგ უნდა იზრუნო სკაუტინგის ქსელის შექმნაზე, რასაც წლები სჭირდება, თუმცა, შედეგს შექმნის პროცესშივე დაინახავ.
აგენტი რომ ვაიბერში „ჩაგიყრის“ ვარიანტებს, შემდეგ შენ „ვაისკაუტში“ რამდენიმე ვიდეოს ნახავ და კონტრაქტს გაუფორმებ, ასე წარმატებული ტრანსფერის განხორციელების შანსი არც ისე დიდია. სკაუტინგს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ყოველდღიურად, მთელი წლის განმავლობაში, გროვდებოდეს დეტალური ინფორმაცია თითოეული ფეხბურთელის არამხოლოდ საფეხბურთო შესაძლებლობებზე, არამედ მის მოედნის მიღმა ცხოვრებაზეც. შემდეგ, ეს ინფორმაცია უნდა გადაეცეს მწვრთნელს, რომელიც გადაწყვეტს ვის ტრანსფერზე დაიწყოს მუშაობა.
4. ქართველი ფეხბურთელებისა და ლეგიონერების თანაცხოვრება – ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდში იყოლიო ისეთი ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდში ჯანსაღი გარემოს შექმნა შეუძლიათ, არ სძულთ უცხოელები და ვარჯიშზე ლეგიონერს განზრახ არ მიაყენებენ ტრავმას იმის გამო, რომ „ქართველების ადგილს იკავებენ“. პირიქით, შევლენ ჯანსაღ კონკრენციაში და შეეცდებიან მათგან რაღაცები ისწავლონ და უკეთესები გახდნენ.

სექტემბრიდან ერთა ლიგის გათამაშება იღებს სტარტს. რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. რა იქნება ის ნიუანსები რაც ჩვენ უპირატესობას მოგვცემს ან პირიქით შანსებს შეამცირებს.
-საქართველოს ნაკრების წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ავირიდებთ წამყვანი მოთამაშეების ტრავმებს. გვყავს 6-7 მოთამაშე რომელთა არყოფნის შემთხვევაში, დაახლოებით მალტის დონის ნაკრები ვართ. ამავდროულად, თუკი ყველა ფორმაშია, ვფიქრობ, ბევრი საშუალო ევროპული დონის ნაკრების დამარცხება შეგვიძლია, არათუ ყაზახეთის.
ხვალ რომ თამაში გვქონდეს ყაზახეთში, 90%-ით წავაგებდით. სექტემბრისთვის, იმედია, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით.

დატოვე კომენტარი